NATO-სა და ევროკავშირის ლიდერები ესტონეთის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყანამ რუსეთი მის დედაქალაქ ტალინში, დრონების მწარმოებელ კომპანიაზე განხორციელებულ დივერსიულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

კომპანია Milrem Robotics, რომელზეც რუსეთმა მიიტანა იერიში, იმ სახმელეთო დრონებს აწარმოებს, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება.

ესტონეთის საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებულია. მისივე თქმით, დამნაშავეები დაკავებულნი არიან, ხოლო რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარეს.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ეს დივერსიული აქტი ევროპის მასშტაბით რუსეთის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს.

"ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით დავასკვნათ, რომ კომპანიის მიზანმიმართული გადაწვა იყო დივერსიული აქტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების მიერ იყო შეკვეთილი.

ეს დივერსიული აქტი ევროპის მასშტაბით რუსეთის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს დაშინებას და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესუსტებას", — განაცხადა მან.

ესტონეთს მხარი NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაუჭირა, რომელმაც რუსეთი NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ მტრული კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

"ის [რუსეთი] ცდილობს შეასუსტოს ჩვენი მტკიცე პოზიცია და შეაჩეროს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა.

მარცხს განიცდის უკრაინის ბრძოლის ველზე და ასევე ვერ ახერხებს ჩვენი ერთიანობისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის შერყევას", — განაცხადა მარკ რუტემ.