საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ივლისის თვეში ზრდა 8% იყო, ივნისში - 8.6%.

აგვისტოში ეკონომიკის სექტორებიდან ზრდა დაფიქსირდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, გარდა მშენებლობის დარგისა.

"2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში", — ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქსტატის თანახმად, აგვისტოს განმავლობაში საქართველოს კერძო ბიზნესის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 16.85 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12.1%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების,
ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს
საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.