ევროპის სახალხო პარტია (EPP) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის დაკავებას გმობს და ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის რეზოლუციაში წერია.

"ევროპის სახალხო პარტია (EPP) მკაცრად გმობს გიორგი ბარამიძის დაკავებას ცალსახად პოლიტიკურ ბრალდებებით და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას", — წერია რეზოლუციაში.

EPP ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს გააძლიერონ სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიებზე.

"EPP მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიებზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, საარჩევნო მანიპულაციებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცებაზე", — აღნიშნულია რეზოლუციაში.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძე 2026 წლის 11 სექტემბერს თბილისში, "სამშობლოს ღალატის" (კონკრეტულად საბოტაჟის) ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ბრალდება კანონით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება" გაკეთებული განცხადების გამო 7 აგვისტოს დაიწყო. გადაცემის მსვლელობისას ბარამიძემ აფხაზეთის ომის კონტექსტში თქვა: "ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ". ხვიჩიამ დააზუსტა — "ჩვენები?" — რაზეც ბარამიძემ უპასუხა: "ჩვენები".