2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო დავალება მისცა: წერილი მიეწერათ საყვარელი მწერლებისთვის და თავიანთ კლასში დაეპატიჟებინათ. ხუთმა მოსწავლემ კურტ ვონეგუტი აირჩია — ლეგენდარული ამერიკელი მწერალი, რომლის ყველაზე ცნობილ რომანებს შორისაა სასაკლაო 5 და სარწეველა ფისოსათვის.

იმხანად უკვე 84 წლის ვონეგუტი ერთადერთი მწერალი აღმოჩნდა, რომელმაც მოსწავლეებს წერილზე პასუხი დაუბრუნა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან სკოლაში მისვლა ვერ შეძლო, მაგრამ საპასუხო ერთგვერდიანი ტექსტი, სადაც ავტორი ახალ თაობას ხელოვნების მნიშვნელობაზე ესაუბრება, საკლასო ოთახის კედლებს გასცდა და ბევრისთვის დღემდე რჩება შთამაგონებელ შეგონებად.

ზევიერის სკოლაში ძვირფასო მის ლოკვუდ, ბატონებო პერინ, მაკფილი, ბატენ, მორერ და კონჯუსტა:

მადლობას მოგახსენებთ თქვენი მეგობრული წერილებისთვის. ნამდვილად იცით, როგორ გაახალისოთ ცხოვრების მიმწუხრს მყოფი უხიაგი მოხუცი (84 წლის). საჯაროდ უკვე აღარ ვჩნდები, რადგან ახლა იგუანაზე მეტად არაფერს ვგავარ.

თუმცა, ბევრი არაფერია, რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა. აი, რას გეტყვით: დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით, იქნება ეს მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, მსახიობობა, ხატვა, ფერწერა, ძერწვა, პოეზია, პროზა, ესეისტიკა თუ დოკუმენტალისტიკა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად ან ცუდად გამოგდით ეს, ხელოვნება ფულის ან პოპულარობის მოსახვეჭად კი არ გჭირდებათ, არამედ იმისთვის, რომ განვითარების გზა გაიაროთ, საკუთარი შინაგანი სამყარო აღმოაჩინოთ და სულიერად გაიზარდოთ.

მართლა გეუბნებით! ახლავე შეუდექით საქმეს, აკეთეთ ხელოვნება და აკეთეთ მთელი ცხოვრება. დახატეთ მის ლოკვუდის სასაცილო თუ ლამაზი პორტრეტი და აჩუქეთ მას. სკოლის მერე იცეკვეთ, აბაზანაში იმღერეთ და ასე განაგრძეთ. კარტოფილის პიურეში სახე გამოსახეთ. წარმოიდგინეთ, რომ გრაფი დრაკულას როლში ხართ.

აი, ამ საღამოს შესასრულებლად დავალებას მოგცემთ და თუ არ გააკეთებთ, იმედს ვიტოვებ, მის ლოკვუდი ნიშანს არ დაგიწერთ: დაწერეთ ექვსსტრიქონიანი ლექსი, ნებისმიერ თემაზე, მაგრამ აუცილებლად გარითმეთ — ჩოგბურთს ხომ ვერ ითამაშებ ბადის გარეშე?! შეეცადეთ, რაც შეიძლება კარგი გამოგივიდეთ. თუმცა, არავის უთხრათ, რას აკეთებთ. არავის აჩვენოთ და არ სთხოვოთ მისი წაკითხვა, არც შეყვარებულს, მშობლებს ან თუნდაც მის ლოკვუდს. შევთანხმდით?

მერე ადექით, ეს ფურცელი ნაკუწ-ნაკუწ დახიეთ და მოშორებით მდგარ ნაგვის ურნაში გადაუძახეთ. მიხვდებით, რომ ამ ლექსმა თავისი საქმე უკვე შეასრულა: თქვენ განვითარდით, საკუთარ შინაგან სამყაროზე ბევრად მეტი გაიგეთ და სულიერადაც გაიზარდეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!

კურტ ვონეგუტი

წერილი, რა თქმა უნდა, სრულდება ვონეგუტის ცნობილი ორიგინალური ხელმოწერით: სახელდახელოდ მოხატულ ავტოპორტრეტში ჩასმული სახელი.