4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

უკრაინაში მებრძოლი ჭულუხაძე 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელს — პირობითი მსჯავრით. ის პენიტენციურ დაწესებულებას მომავალი წლის ივლისში დატოვებს.

ჭულუხაძის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება. ადვოკატმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭულუხაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

"გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ერთი წელი რეალური სასჯელი და ორი წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. თუკი მერწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავისზე არ დაუდია ხელი, მსგავსი რამ სისხლის სამართლის საქმეში არ მომხდარა, ბექა ჭულუხაძეს ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია." — განაცხადა ჩარკვიანმა [IPN].

ადვოკატის განცხადებით, ჭულუხაძის საქმეში დივერსიის მოწყობა საერთოდ არ არის ნახსენები და მის დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი 2008 წლის ომიდან ჰქონდა შენახული.

"არანაირი დივერსია არ არის ხსენებული. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მქონდა და ვინახავდი ამ იარაღსო, ამბობს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ოქმს, დივერსია არაა ნახსენები, მის წინააღმდეგ დევნა 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით იყო დაწყებული," — განაცხადა ჩარკვიანმა.

მიმდინარე წლის 11 ივლისს სუს-მა, საერთაშორისო ძებნის ფარგლებში, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში ბექა ჭულუხაძე დააკავა.

ბექა ჭულუხაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. ასევე დაუსწრებლად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.

სუს-ის თანახმად, ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

უწყების ცნობით, ისინი ასევე მუშაობდნენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩო ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.