ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილს ეხმაურება. ის ამბობს, რომ გულდასაწყვეტია, ასეთი ადამიანი ლიდერად რომ ჰყავდათ. მისივე შეფასებით, ღარიბაშვილს პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს.

"ვხედავთ რაღაცა სერიალს წერილების, რომელიც აბსურდზე არის დაფუძნებული და ძალიან დაბალ დონეზეა დასმული, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. გუშინდელ წერილში, ფაქტობრივად, რა წარმატებაც აქვს საქართველოს, ყველაფერი თავის თავზე მიიწერა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დონეზე დავიდა. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა გუნდში. პოლიტიკური მომავალი, ჩემი გადასახედიდან, მას არ გააჩნია.

...დადებითი დამოკიდებულება არცერთ ადამიანს, გუნდის წევრზე მაქვს მაქვს საუბარი, ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული. დადებითი დამოკიდებულება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არავის არ ექნება ამ წერილებთან დაკავშირებით", — განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ, 29 სექტემებრს ციხიდან რიგით მე-8 წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2021 წლის თებერვალში მთავრობის სათავეში დაბრუნების დეტალებს, ქვეყანაში არსებულ მაშინდელ მძიმე კრიზისს და მისი პრემიერობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე წერს.