საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (12 312) დადგენილ ლიმიტზე 236 ერთეულით (1.9%-ით) ნაკლებია.

შედარებისთვის, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, პატიმართა საერთო რაოდენობა (10 124) დადგენილ ლიმიტს 2 208 ერთეულით (17.9%-ით) ჩამორჩებოდა.

მიუხედავად საერთო მაჩვენებლისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2026 წლის აგვისტოში №2, №8 და №15 დაწესებულებებში დადგენილ ლიმიტთან შედარებით გადაჭარბება დაფიქსირდა. ამ სამ პენიტენციურ დაწესებულებაში ლიმიტის გადაცილება 2025 წელსაც აღინიშნებოდა:

  • №8 დაწესებულება: ლიმიტი 2 426, გადაჭარბება +799 (+32,93%) — ჯამში 3225 პატიმარი;
  • №15 დაწესებულება: ლიმიტი 1 604, გადაჭარბება +525 (+32,73%) — ჯამში 2129 პატიმარი;
  • №2 დაწესებულება: ლიმიტი 1 068, გადაჭარბება +331 (+30,99%) — ჯამში 1399 პატიმარი.

2026 წლის აგვისტოში, პენიტენციური დაწესებულებები 941 პირმა დატოვა:

  • კალენდარულად დატოვა — 266;
  • სხვა სახით გათავისუფლებულდა (გირაო, საქმის შეწყვეტა, ექსტრადიცია) — 261;
  • შეწყალებით დატოვა — 215;
  • სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლით — 118;
  • პირობით ვადამდე გათავისუფლებით — 49;
  • პირობითი მსჯავრით — 29.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარია. 2025 წლის ბოლოს საქართველოში პატიმართა/თავისუფლებააღკვეთილ პირთა საერთო რაოდენობა 11 153-ს შეადგენდა.