რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. პოპოვს ასევე ქვეყნიდან გააძევებენ და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, პოპოვმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ორ მუხლს ედავებოდნენ — წვრილმან ხულიგნობასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასასურველი ხასიათის სექსუალურ ქცევას. მუხლის პირველი ნაწილი (ხულიგნობა) 300-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ბინა აქვს ნაყიდი და ითხოვდა, ბინის რემონტის დასრულებისა და საქართველოში ცხოვრების უფლებას.

"ვწუხვარ, რაც ჩავიდინე და, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არასდროს განმეორდება," — თქვა მან.

რუსეთის მოქალაქის განმარტებით, ის ნასვამ მდგომარეობაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, რომლის ორსული მეუღლეც საპირფარეშოში დიდხანს იყო შესული. პოპოვის ახსნით, მან ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება აივნიდან გადაწყვიტა, ხოლო როდესაც შეამჩნია, რომ ხალხს დააშარდა, ბოდიშის მოსახდელად დაბლა ჩავიდა, თუმცა ადგილზე უკვე პოლიცია დახვდა.

თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, პოპოვი აივნიდან "დიდება რუსეთს" იძახდა. მოსამართლემ რუსეთის მოქალაქეს განუმარტა, რომ რადგან დანაშაულს ინანიებს, პასუხისმგებლობა შეუმსუბუქდება:

"ნასვამ მდგომარეობაში სამართალდარღვევის ჩადენა არ არის გამამართლებელი რამ, მაგრამ რომ ინანიებთ, ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა. თქვენი ახსნა რამდენად შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, რომ ეს გამოუვალ მდგომარეობაში ჩადენილი ქმედება იყო, ამას მისცემს სასამართლო შეფასებას. ბევრი სხვა გამოსავალიც შეიძლებოდა გეპოვათ, ვიდრე ის, რასაც გედავებიან. ნორმალურ საზოგადოებაში ეს ქცევა მაგ მიზეზით ვერ აიხსნება!" — განაცხადა მოსამართლე კაპანაძემ.