თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევისა და მასთან დაკავშირებული კარანტინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აკვირდება, — ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემა Axios-ს განუცხადა.

ტრამპის ადმინისტრაცია "ინფორმირებულია, აკვირდება აფეთქებას და აფასებს შესაძლო ნაბიჯებს", — განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

რუსული მედიის ცნობით, 25 სექტემბერს, რუსეთის ირკუტსკის ოლქში მდებარე შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელმა, დარია შიპილოვამ, ფილტვის შავი ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა გატეხა.

შიპილოვა საავადმყოფოში 29 სექტემბერს, მძიმე პნევმონიის სიმპტომებით შეიყვანეს, სადაც ის 2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა და თითქმის 200 ადამიანი, რომლებსაც შიპილოვასთან ჰქონდათ შეხება, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ აიყვანა.

ირკუტსკის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა განაცხადა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფ პირებს ავადმყოფობის არანაირი ნიშანი არ აღენიშნებათ და ტესტების პასუხები უარყოფითია.

რუსული მედიის ცნობით, შიპილოვას შესაძლოა ფილტვის შავი ჭირი ჰქონოდა, თუმცა ჯანდაცვის უწყებებს დიაგნოზი არ დაუდასტურებიათ.

რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, შიპილოვას "უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია" ჰქონდა და შემდგომმა ტესტირებამ მის სამუშაოსთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები ვერ გამოავლინა. სააგენტომ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რეგიონში სტაბილურია.