"ძალიან სამწუხარო ფაქტია" — ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უწყება გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება რთულია, თუმცა სამსჯელო ღონისძიებები უკვე დაგეგმილია.

"მყისიერად დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის, მაქსიმალურად ღია ვართ და მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ. ძალიან რთულია გადააზღვიო მსგავსი შემთხვევები. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვატარებთ და მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მეთვალყურეობა იყოს იმ პირებზე, ვისაც შეიძლება სუიციდისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. დაველოდოთ გამოძიებას", — თქვა სალიამ.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გარდაცვლილის მამიდამ "ტვ პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ პატიმარი ციხეს 2–3 თვეში ტოვებდა, რის გამოც ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.