დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართავს.

მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა თებერვალში დააკავეს. ენდრიუს ადვოკატები ყოფილი პრინცის მიმართ პოლიციის ქმედებების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ.

პოლიცია ენდრიუს სახლებს რამდენიმე დღის განმავლობაში ჩხრეკდა. ამის პარალელურად, დეტექტივები ენდრიუს პოლიციის განყოფილებაში, 11 საათი კითხავდნენ.

გასულ წელს ენდრიუს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენ, ჯეფრი ეპსტინთან, კავშირის გამო, სამეფო ტიტულები ჩამოართვეს. მისთვის ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ფოტო: Reuters

ენდრიუს ადვოკატები დაკავებისას გამოყენებული ჩხრეკის ორდერების კანონიერებას სასამართლოში ასაჩივრებენ.

1649 წელს ჩარლზ I-ის სასამართლო პროცესის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრი მის წინააღმდეგ აღძრული სამართლებრივი დევნის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

ყოფილი პრინცი საზოგადოებრივ თანამდებობაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ენდრიუმ, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლად ყოფნისას, ეპსტინს საიდუმლო სამთავრობო ინფორმაცია გადასცა.

მეფე ჩარლზი პოლიციის გამოძიებას მხარს უჭერს. მან ენდრიუს დაკავებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში სხვა ბრალდებებს, მათ შორის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებს აფასებდნენ და იკვლევდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ეპსტინმა ბრიტანეთში ენდრიუსთან სქესობრივი კავშირისთვის ქალი გააგზავნა.

ენდრიუ მას შემდეგ დააკავეს, რაც ეპსტინის საქმის მასალებში მისი ფოტოები აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე ძირს მწოლიარე ქალის თავზე მდგარი ენდრიუ ჩანს. გამოქვეყნებულ მასალებს შორის იყო ელექტრონული წერილებიც, რომლებიც მიუთითებდა, რომ ენდრიუ მას შემდეგ კიდევ 2 წელი განაგრძობდა ეპსტინთან ურთიერთობას, რაც ის სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ბრალდებულად ცნეს.

ფოტო: BBC

ეპსტინის ტრეფიკინგის ერთ-ერთმა მსხვერპლმა, ვირჯინია ჯუფრემ, განაცხადა, რომ მას, ჯერ კიდევ თინეიჯერობისას, აიძულებდნენ, ყოფილ პრინცთან სქესობრივი კავშირი ჰქონოდა. ჯუფრემ 2025 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ენდრიუმ ჯუფრეს მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო.