ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს

მათი ცნობით, ზურაბ აბაშიძე წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე, იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში; 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი.

ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.