"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება ვიდრე არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში.

SJC გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს განმარტოს "სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი; ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები იქნა გამოყენებული უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით.

SJC-ის განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შესახებ. რუსული მედიის თქმით, ის ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი-ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა, სამი კი დაჭრა. 24 სექტემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი და კორნეი ფედუნოვის გადაცემის შესახებ, რომელთაც რუსეთის პროკურატურა რუსეთში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას/მონაწილეობას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულს ედავებოდა. საქართველოს პროკურატურას რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადება არ გამოუქვეყნებია.