აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დახმარებას გაუწევს მას შემდეგ, რაც ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტრამპმა ჟურნალისტებს ნებრასკაში ვიზიტის წინ, თეთრი სახლის დატოვებისას განუცხადა, რომ ეპიდემია რუსეთისთვის "დიდი პრობლემაა".

"მძიმე საყურებელია, როცა მათ ეს პრობლემა აქვთ. ეს მძიმე დაავადებაა", — აღნიშნა ტრამპმა.

მან თქვა, რომ აშშ გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია რუსეთის დასახმარებლად. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული დაძაბულობისა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იმ ადამიანად მიიჩნევს, ვისთანაც მუშაობა შესაძლებელია.

"ჩვენ დავეხმარებით", — განაცხადა ტრამპმა. — "ვისაც ასეთი პრობლემა აქვს, ჩვენ მუდამ მზად ვართ დასახმარებლად."

ცნობისთვის, ციმბირში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელი გაურკვეველ ვითარებაში დაავადდა და გარდაიცვალა, რის გამოც ხელისუფლებამ ათობით ადამიანი კარანტინში მოათავსა.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შიში გამოიწვია, თუმცა რუსმა ჩინოვნიკებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.