მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის, მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლის, ელენა წერეთლისა და მათი 19 შვილის, დარიას მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახური იტყობინება.

ფოტო: მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახური

"მოსკოვის ქალაქის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ თეიმურაზ ვასილის ძე გოგიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2026 წლის 3 დეკემბრამდე გამოიყენა", — ნათქვამია განცხადებაში.

მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ორი პირის ანგარებით ჩადენილი მკვლელობისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის მუხლებით.

ფოტო: RBK

რუსული მედია წერს, რომ მოსკოვში ელენე წერეთლის დანაწევრებაში ეჭვმიტანილმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი Telegram-ზე წერს. მათ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლების მუშაობაა ნაჩვენები.

"მისი მონაწილეობით ჩატარდა ჩვენების ადგილზე შემოწმება ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხსა და ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, სადაც მან ადრე მიცემული ჩვენება დაადასტურა. ბრალდებულის განმარტებით, მკვლელობების ჩადენის შემდეგ ის კვალის დამალვას ცდილობდა და შენობაში სისხლს წმენდდა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება გოგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.


3 ოქტომბერს მოსკოვის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟულებინსკის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინის აივანზე ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე პაკეტები აღმოაჩინეს. ადგილზე სავარაუდო მკვლელობის იარაღიც იპოვეს.

მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აივანზე აღმოჩენილი სხეულის ნაწილების მფლობელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი 47 წლის პარტნიორი. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მასთან ერთად იმყოფებოდა 1986 წელს დაბადებული ქალი, რომლის შესაძლო მონაწილეობასაც გამოძიება ამოწმებს.

4 აგვისტოს სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ გამოყენებული ავტოფარეხი აღმოაჩინეს. მისი დათვალიერებისას იპოვეს მსხვერპლის ქალიშვილის ცხედარი და იარაღის სამალავი. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ავტოფარეხში წერეთლის 19 წლის ქალიშვილი მოკლა, რამდენიმე საათის შემდეგ კი — თავად ქალი.

როგორც "კომერსანტი" წერს, თეიმურად გოგიაშვილი 1979 წელს საქართველოშია დაბადებული. ის ოკუპირებულ დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და "სპარტის" დანაყოფში მსახურობდა. მოგვიანებით ის მოსკოვში დაბრუნდა და ბიზნესით, მათ შორის ავტონაწილების წარმოებით, იყო დაკავებული. ასევე საკუთარ თავს ფიტნესის სპეციალისტად წარმოაჩენდა და პერსონალურ ვარჯიშებსა და კვების პროგრამებს სთავაზობდა კლიენტებს.