აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დიზელის საწვავზე რეკორდულად მაღალი ფასების შემცირებას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ნებრასკაში, საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება "ნებისმიერს საშუალებას მისცემს, რაიმე მიზეზით შეიძინოს გადასახადებისგან თავისუფალი, წითლად შეღებილი დიზელი".

"ეს ბრძანება ასევე შეამცირებს ყველა საქონლის, მათ შორის სურსათის ღირებულებას", — განაცხადა ტრამპმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

წითლად შეღებილი დიზელი ჩვეულებრივი დიზელის იდენტურია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ის არ იბეგრება და წითლადაა შეღებილი, რათა მისი გამოყენება არასაგზაო მიზნებისთვის, მაგალითად, ტრაქტორებსა და სამრეწველო დანადგარებში, იყოს ადვილად გასარჩევი.

CNN წერს, რომ გადასახადისგან გათავისუფლებული დიზელის ფართო გამოყენების დაშვება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მძღოლებისთვის, რომლებიც დიზელზე ფასების ისტორიულ ზრდას ებრძვიან. ფასების ასეთი ზრდა გამოწვეულია ირანში მიმდინარე ომით, რუსული გადამამუშავებელი ქარხნებისთვის მიყენებული დარტყმებითა და ჩინეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებით.