ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის ირკუტსკის ოლქში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ყურადღებით აკვირდება მას შემდეგ, რაც რეგიონში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამის შესახებ ცნობას ყაზახური მედია ავრცელებს.

ყაზახეთში პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სანიტარიული და საკარანტინო კონტროლი, დაწესდა. ქვეყანაში შემოსულ მგზავრებს შორის მაღალი ტემპერატურის, დაავადების სიმპტომების ან განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების საეჭვო ნიშნების მქონე პირი არ გამოვლენილა, — წერს Qazinform.

სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, მოგზაურობის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს და სამედიცინო პერსონალს აცნობონ, სად და როდის იმოგზაურეს. მოქალაქეებს ასევე ურჩიეს, ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც.

ყირგიზეთში ყველა სანიტარიულ-საკარანტინო პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, — განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება რუსეთში "შავი ჭირის დადასტურებული შემთხვევის" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. სპეციალისტები ამოწმებენ საზღვრის გადამკვეთ ადამიანებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და ტვირთებს.

უზბეკეთის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით საშიში ინფექციების ქვეყანაში შემოტანის პრევენციაზე პასუხისმგებელი სამსახურების მზადყოფნა გააძლიერა. კომიტეტი ირკუტსკის ოლქში განსაკუთრებით საშიშ ინფექციაზე ეჭვის შესახებ წერს და ვითარებას რუსეთის შესაბამისი უწყებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების საფუძველზე აკვირდება.


ამავდროულად, რუსი სპეციალისტები ეპიდემიოლოგიურ კვლევას ატარებენ. საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის და შესაბამისი უწყებები სავარაუდო ინფექციის წყაროსა და გარემოებების დადგენაზე მუშაობენ.

სავარაუდო შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი 197 ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არც ერთ მათგანს სიმპტომები არ გამოუვლენია, ლაბორატორიული ტესტების შედეგებიც უარყოფითია. ანტიეპიდემიური ღონისძიებები ტარდება ასევე შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში.

4 ოქტომბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსპოტრებნადზორმა) განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში, მათ შორის ირკუტსკსა და შელეხოვში, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. როსპოტრებნადზორმა დაადასტურა, რომ შავი ჭირის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში 28 წლის ქალის გარდაცვალება დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიას დაუკავშირეს.