ეუთოში 2024 წლის აქციების დროს ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს. მისი ცნობით, კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.

"ამ წუთებში ეუთოში მიმდინარეობს ჩვენი კვლევის პრეზენტაცია ქიმიურ მოწამვლაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის აქციების დროს.

გთავაზობთ ძირითად მიგნებებს ჩვენი კვლევისას, რომელშიც ჩაერთო საპროტესტო აქციების 524 მონაწილე. კვლევა განხორციელდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით.

კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები და რაც უფრო ხშირად უწევდა ადამიანს ამ ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება, მით უფრო მძიმე და ხანგრძლივი იყო ჯანმრთელობის პრობლემები", — დაწერა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში.

კვლევის — "ქართველ დემონსტრანტებზე გამოყენებული ქიმური გამაღიზიანებელი საშუალებების გავლენა" ავტორები არიან: გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოტე და ლელა ცისკარიშვილი.

აღნიშნული კვლევა 2026 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თბილისის აქციების 524 თვითშერჩეული მონაწილეს მოიცავს. შეფასდა სპეცსაშუალებების ზემოქმედება და მწვავე/ხანგრძლივი სიმპტომები.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 86%-ს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნა.

ფოტო: ბაია პატარაი

რესპონდენტთა 85.5%-მა კი სულ მცირე ერთი სიმპტომის შესახებ აღნიშნა. ცრემლსადენი გაზის შემთხვევების 47.9% და წყლის ჭავლის ეპიზოდების 43.5% მძიმედ შეფასდა (მხედველობის/სუნთქვის დაკარგვა), ხოლო 14.1%-მა ქმედუუნარობა გამოიწვია.

34.0%-ს (178 ადამიანი) მინიმუმ ერთი სიმპტომი 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უგრძელდებოდა.

ფოტო: ბაია პატარაია

მათ შორის: მეხსიერების პრობლემები — 52.5%, განწყობის ცვლილებები — 43.7%, უძილობა — 35.0%, ტინიტუსი — 33.0%, წნევის მატება — 32.1%, მხედველობის დაქვეითება — 25.6%, თავის ტკივილი — 23.0%, სუნთქვის გაძნელება — 13.3%, კანის პრობლემები — 10.1% და სხვა.

კვლევაში მოცემული მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 40%-მა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე ან თავდასხმაზე მიუთითა. ამასთანავე, რესპონდენტთა 60%-ს გადაადგილება შეეზღუდა, 27%-ი დააჯარიმეს, 24%-მა სხვადასხვა სახის დაზიანება ან ზიანი მიიღო, ხოლო 10% დააკავეს.

კვლევის ავტორები წერენ, რომ გამოვლინდა დოზა-პასუხის კანონზომიერება; სიმპტომების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული იყო აგენტების რაოდენობა, წყლის ჭავლის პირდაპირი მოხვედრა, გაქცევის სირთულე, მწვავე ქმედუუნარობა და სქესი.

კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

ფოტო: ბაია პატარაია

  • მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა. ხოლო წყლის ჭავლის პირდაპირმა მოხვედრამ ხანგრძლივი სიმპტომების რისკი გააორმაგა.

  • რესპონდენტთა 67%-ს 6–8 ღამის შემდეგ სიმპტომები ერთ თვეზე დიდხანს გაუგრძელდა.

  • გამოკითხულთა 40%-მა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა.

  • კვლევის მიხედვით, მხოლოდ 29%-მა მიმართა ექიმს, რის გამოც ხანგრძლივი ზიანი, სავარაუდოდ, სრულად აღრიცხული არ არის.