"თამამი და საზრიანი შემოქმედებისთვის, რომელმაც კლასიკურ ტრადიციასთან შეთამაშებული დიალოგით თანამედროვე ლიტერატურის ახალი ფორმები ჩამოაყალიბა", — ამ ფორმულირებით გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში კანადელ პოეტს, ესეისტს, მთარგმნელსა და პროფესორს, ენ კარსონს. 76 წლის კარსონი გახდა მე-19 ქალი ნობელიანტი ლიტერატურის დარგში. ამასთან, იგი არის მესამე კანადელი ნობელიანტი მწერალი სოლ ბელოუსა (1976) და ელის მანროს (2013) შემდეგ.

ენ კარსონი 1950 წელს დაიბადა კანადის ქალაქ ტორონტოში. მომავალი მწერალი სკოლაშივე დაინტერესდა კლასიკური ენებით და უნივერსიტეტშიც ამ მიმართულებით სწავლა გადაწყვიტა, მაგრამ უმაღლესი სასწავლებელი ორჯერ მიატოვა. თუმცა, იგი მაინც დაუბრუნდა ტორონტოს უნივერსიტეტს, სადაც ჯერ ბაკალავრის და მაგისტრის, ბოლოს კი, 1981 წელს, დოქტორის ხარისხიც მიიღო კლასიკურ ფილოლოგიაში. ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ლიტერატურას კარსონის შემოქმედებაში — თარგმანებსა და კრიტიკაში — დიდი ადგილი უკავია. კლასიკური ბერძნულიდან მისი თარგმანები დამოუკიდებელ შემოქმედებად შეიძლება ჩაითვალოსო, წერს ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ანდერს ოლსონი.

"თითქმის მთელი მისი ლიტერატურული ნამოღვაწარი გარს უტრიალებს იმ წერტილს, სადაც იკვეთება ფილოლოგის სიტყვებით შეპყრობილობა და პოეტის სურვილი, მათ ახალი მნიშვნელობა მოუძებნოს. სიტყვების ეტიმოლოგია თავად მასვე მიაჩნია საკუთარი შემოქმედების საწყის წერტილად", — ვკითხულობთ ოლსონის განცხადებაში.

ენ კარსონის ტრადიციული სანობელე პორტრეტი

ფოტო: Niklas Elmehed

ენ კარსონის სადებიუტო პოეტური კრებული, Canicula di Anna (ლათ.: "ანას ცხელი ზაფხულის დღეები"), 1984 წელს გამოიცა და მანვე მოუტანა ავტორს პირველი ლიტერატურული პრემია. 1986 წელს მწერალმა თავისი სადოქტორო ნაშრომის სახეცვლილი ვერსია პირველ არამხატვრულ წიგნად Eros the Bittersweet (ინგლ. "ტკბილ-მწარე ეროსი") გამოსცა. მას შემდეგ კარსონმა ოცზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, გუგენჰაიმისა და მაკართურის სტიპენდიები, თომას ელიოტის სახელობის პრიზი პოეზიაში და ამერიკის პენცენტრის მიერ გაცემული ნაბოკოვის პრემია. 2005 წელს მას კანადის ორდენიც მიენიჭა.

სამწერლობო და მთარგმნელობით საქმიანობასთან ერთად, კარსონი აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც და აშშ-ისა და კანადის რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლიდა.

ენ კარსონის წიგნები ქართულ ენაზე არ გამოცემულა, მაგრამ მისი ნოველა კვლავ ფლობერი ჟურნალ არილში დაიბეჭდა (თამარ ლომიძის თარგმანი).

თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...