ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი TRIPP-ის, იგივე "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" (TITR) ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ტოყაევმა აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქმენეთის ქალაქ ავაზაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და აზერბაიჯანის ლიდერების მერვე საკონსულტაციო შეხვედრაზე გააკეთა.

"მიმაჩნია, რომ "შუა დერეფანში" ზანგეზურის დერეფნის სატრანსპორტო ინიციატივის ინტეგრაციის საკითხი შესაძლოა თავდაპირველად ექსპერტულ დონეზე იქნას განხილული. ეს გააფართოებდა TITR-ის არსებულ პოტენციალს და ჩვენი ყველა სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებს მოემსახურებოდა", — განაცხადა ტოყაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებას და აღნიშნა, რომ ბოლო წლების მოვლენებმა ნათლად აჩვენა მასზე მზარდი მოთხოვნა.

ტოკაევმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 2040 წლისთვის კასპიის ზღვის გავლით ტვირთბრუნვა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს.