"ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად", — ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა, შესაბამისად უკვე პოლიტიკაშია და "არსად დაბრუნება არ სჭირდება."

"ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად დაბრუნება არ სჭირდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი... ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში...

მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც თქვენ უნდა შეეგუოთ... ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი.

პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას, ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", — განაცხადა პრემიერმა.