ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის გამოვლენამდე ერთი დღეღა გვაშორებს. 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს, შვედეთის აკადემია გამოაცხადებს, თუ რომელ მწერალს ხვდა წილად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. მანამდე კი ლიტერატურულ საზოგადოებაში, ტრადიციულად, ცხარე განხილვაა — ასახელებენ პოტენციურ ლაურეატებს, დებენ ფსონებს და თავგამოდებით ამტკიცებენ, თუ რატომ იმსახურებს ესა თუ ის ავტორი ნობელს.

ამ დისკუსიას შეუერთდა გავლენიანი გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung. "ვინ იმსახურებს ნობელს" — ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემამ ცოტა ხნის წინ სტატია, სადაც შვიდი მწერალია ჩამოთვლილი. მათგან ერთ-ერთი ქართველი აკა მორჩილაძე გახლავთ.

მორჩილაძისთვის მიძღვნილ სექციაში ცნობილი გერმანელი გამომცემელი და რედაქტორი ტილმან შპრეკელზენი ვრცლად მიმოიხილავს მის ბიოგრაფიას და სამწერლობო კარიერას, როგორ გამოჩნდა ახალგაზრდა ავტორი სადებიუტო რომანით გასეირნება ყარაბაღში მძიმე 1990-იან წლებში. რას მას გამოარჩევს, ისაა, რომ არ გაუგრძელებია თხრობის მისეული სტილი, რომელიც მახვილგონივრულად, შთამბეჭდავად და ცოტათი დრამატულად გვიყვება ქვეყნის პოსტკომუნისტურ ხვედრზეო, წერს შპრეკელზენი: "ნაცვლად ამისა, მორჩილაძე, რომელიც ისტორიას სწავლობდა, მერე კი წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად, ჩნდებოდა ტელევიზიაში, სცენარებს წერდა და ბევრს მოგზაურობდა, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მემატიანედ იქცა და ქვეყნის დღევანდელობის გადმოცემას ისტორიული კონტექსტის ახსნით შეეცადა".

სტატიაში ცალკე მონაკვეთი ეთმობა საუბარს პოსტმოდერნისტულ რომანზე სანტა ესპერანსა, რომელსაც ბევრი მწერლის მაგნუმ ოპუსადაც მიიჩნევს. შპრეკელზენი ყურადღებას ამახვილებს მულტიჟანრობრივი რომანის უჩვეულო ფორმაზე: წიგნი, ბანქოს დასტის მსგავსად, ოთხი ნაწილისა და თითოეულში 9-9, ჯამში 36 რვეულისგან შედგება; მკითხველს შეუძლია ავტორისეულ მიმდევრობას მიჰყვეს, თითოეული რვეული ცალ-ცალკე წაიკითხოს ან — სხვა კომბინაციით. სხვათა შორის, სანტა ესპერანსას თავის დროზე გერმანულმა გამომცემლობამ "თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მწერლის ლიტერატურული ფეიერვერკი" უწოდა.

მორჩილაძის არაერთი ნაწარმოებია თარგმნილი გერმანულადაც და ინგლისურადაც, რაც შვედეთის აკადემიას საშუალებას აძლევს, ქართველი მწერლის შემოქმედებას თვალი შეავლოსო, წერს ტილმან შპრეკელზენი და ამატებს:

"და თუკი მართლაც გადაწყვეტენ მის დაჯილდოებას, პრემია მიენიჭება 'კაცთმოყვარე მარტოსულს, რომელიც ლიტერატურის საშუალებით იბრძვის იმედის შესანარჩუნებლად'".

თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...