აშშ-ის ტენესის შტატში, პატიმარი კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯისას ლეტალური ინექციის 2 დოზას გადაურჩა, საავადმყოფოში მკურნალობს, გონზეა და საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატები ავრცელებენ.

50 წლის პაიკმა გასული კვირის ოთხშაბათს სიკვდილით დასჯის პროცესში ლეტალური საშუალების, პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა გადარჩა. იგი უნდა ყოფილიყო პირველი ქალი, რომელსაც ტენესში ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილით დასჯიდნენ.

"ყველა დაბრკოლების მიუხედავად, კრისტა პაიკი გონზეა, საუბრობს და აგრძელებს კრიტიკული სამედიცინო დახმარების მიღებას. ხელებზე მიყენებული მძიმე დაზიანების მიუხედავად, იგი კვლავ ბორკილებით არის მიჯაჭვული საწოლზე. მისი გამოჯანმრთელება სამედიცინო თვალსაზრისით უპრეცედენტოა. პროგნოზი კვლავ ბუნდოვანია, თუმცა, სულ მცირე, ხანგრძლივ აღდგენით პერიოდს ველით", — ნათქვამია პაიკის ადვოკატების განცხადებაში.

მათივე თქმით, ისინი მადლიერები არიან საავადმყოფოს პირველადი რეაგირების ჯგუფისა და სამედიცინო გუნდის მიმართ, "რომლებიც კრისტას ადამიანურად მოექცნენ და განსაკუთრებული ზრუნვა გაუწიეს".

"იგი ერთადერთი ადამიანია აშშ-ში, რომელმაც სიკვდილით დასჯის მცდელობას გადაურჩა. კრისტა მებრძოლია და ნაბიჯ-ნაბიჯ გამოჯანმრთელდება. ჩვენ კვლავაც ვთხოვთ ტენესის გუბერნატორს, შეუცვალოს კრისტა პაიკს სასჯელი და სამუდამო პატიმრობა შეუფარდოს შეწყალების უფლების გარეშე", — აცხადებენ ადვოკატები.

ეს განცხადება პირველი ნიშანია იმისა, რომ პაიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბრის ღამეს ნეშვილის ციხიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

სიკვდილით დასჯის მცდელობის თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ პირველი ინექციის შემდეგ პატიმარი ერთი საათის განმავლობაში იბრძოდა. მეორე დოზის უშედეგობის შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. მაშინ მდგომარეობა კრიტიკული იყო.


აღსანიშნავია, რომ ეს შტატში წელს სიკვდილით დასჯის მეორე წარუმატებელი მცდელობაა.