ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული წყლის რესურსების გამოყენებას იტალია და საფრანგეთი უშლიან ხელს, რადგან მათ ბაზარზე მონოპოლია აქვთ და ქართველებს ბაზარზე არ უშვებენ. ამ კონტექსტში მან ევროკავშირს მოუწოდა, საქართველოს ამ პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა მისცეს.

"რაღაცა ინვესტიციები რომ ჩნდება, ამას მოწინააღმდეგე გაუჩნდა უცბად. ნაკარნახევი ოღონდ. ვიღაცა ეუბნება, რომ საქართველომ არ გამოიყენოს ეს ინვესტიცია. საკუთარი რესურსები — კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ეს გვაქვს წყალი, რომლის რესურსიც შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ენერგიის წყარო; წყალი, როგორც სასიცოცხლო, ვიტალური.. ასეთი ნაჟური წყალიც გვაქვს და გრუნტის წყალიც გვაქვს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. და დათვლილი არის ძალიან ბევრჯერ, რომ ამ მიმართულებით თუ გამოვიყენეთ წყლის რესურსი, ყველაზე ცოტა — 5%-იანი კაპიტალიზაციის დროსაც — 4-5 მილიარდ შემოსავალს იძლევა ეს სასმელი წყალი. ახლა ანაკლია რომ გაკეთდება, კიდევ საშუალება ექნება 500-ჯერ ზრდისა.

მაგრამ! აქვე მინდა ყველამ იცოდეს: აი, ამ ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში გვეღობება წინ იტალია და საფრანგეთი, იმიტომ, რომ მათ აქ მონოპოლია აქვთ წყალზე და ქართველებს ბაზარზე არ უშვებენ. ევროკავშირს მივმართავ: თუ თქვენ გინდათ ქვეყანათა სოციალური თანასწორობისა და უფლებრივი ნაწილის გათანაბრება და მართლა სიტყვა და საქმე ერთად გინდათ, ქართველების ეს პოტენციალი დანარჩენ მსოფლიოს მოახმარეთ. ისე მოახმარეთ, როგორც ეკუთვნის და აქედან სარგებელი საქართველოსაც ექნება", — განაცხადა კახაძემ.