იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა იგეგმება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი კი ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისია. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.

"სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით — ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას დავეყრდნობით, ყველაზე მეტი წილი მოდის რინოვირუსზე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მიმართვიანობა ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე და არა სტაციონარზე. ასევე ფიქსირდება იმ ტიპის ვირუსების მომატებული რაოდენობა, რაც მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის დაავადებას იწვევს. ეს არის — ე.წ. ძველი კორონავირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი. ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც.

...მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის სეზონი წელს სტანდარტულად იქნება ისეთივე, როგორიც წინა წლებში იყო. ჩვენთან, ნოემბრიდან იწყება გრიპის გავრცელება. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისი ითვლება ვაქცინაციის იდეალურ პერიოდად. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. რისკ ჯგუფებს (65 წლის და უფროსი ასაკის პირები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პირები).

როგორც წესი, ვაქცინა შემოდის ოქტომბრის თვეში და იგეგმება დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა, რაც ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია", — აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, წელს ვაქცინის შემადგენლობა სრულად განახლებულია და სამკომპონენტიანი ვაქცინა გრიპის A ტიპის ორი და B ტიპის ერთი ვირუსისგან იცავს.

"გრიპის ვაქცინა არ განაპირობებს 1-წლიან დაცვას. გრიპის ვაქცინას დაცვის უნარი 6-8 თვის განმავლობაში აქვს საუკეთესო შემთხვევაში. წელს, ვაქცინის შემადგენლობა 100%-ით განახლებულია. 3-კომპონენტიანი ვაქცინა ნიშნავს, რომ ჩვენ წელს გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობას შევთავაზოთ გრიპის საწინააღმდეგო დაცვა და ამ ვაქცინაში შევა 2 A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ერთი B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს A გრიპის მისურის შტამი, A ტიპის დარვინის შტამი და ტოკიოს შტამი", — აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.