თუ გსურთ, უფრო ბედნიერი იყოთ, გირჩევთ, კატის აყვანაზე დაფიქრდეთ.

PLOS One-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფმა 93 ქვეყნის საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები გააანალიზა და შეისწავლა კავშირი ბედნიერების მაჩვენებელს, შინაურ კატებსა და Toxoplasma gondii-ით ინფიცირების მაჩვენებლებს შორის. Toxoplasma gondii არის პარაზიტი, რომელიც თითქმის ყოველ მესამე ადამიანში გვხვდება და რომლის ძირითადი მასპინძლებიც სწორედ კატისებრნი არიან.

კვლევაში მონაწილე ქვეყნების რუკა

კვლევაში მონაწილე ქვეყნების რუკა

ფოტო: PLOS One

მკვლევრებს სურდათ გაერკვიათ, ახდენს თუ არა კატის ყოლა გავლენას ბედნიერებაზე და მოქმედებს თუ არა ამაზე პარაზიტით ინფიცირების რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ T. gondii ადამიანების უმეტესობისთვის, როგორც წესი, უვნებელია, მან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას შედარებით მოწყვლად ჯგუფებს — მას უკავშირებენ შფოთვას, დეპრესიასა და შიზოფრენიას.

"აღმოვაჩინეთ, რომ ქვეყნებში, სადაც მეტი კატაა, ბედნიერების უფრო მაღალი დონე დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნებში, სადაც Toxoplasma gondii-ისთან კონტაქტი უფრო მაღალია — ბედნიერების შედარებით დაბალი მაჩვენებელი," — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ეს შედეგები, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გარკვეულ ქვეყნებს შესაძლოა არაპროპორციულად დიდი გავლენა მოეხდინათ საბოლოო შედეგებზე. მაგალითად, ჩინეთს ბედნიერების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ კატების სიმჭიდროვე ქვეყნების უმეტესობაზე დაბალი იყო.

მონაცემებში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი დეტალი ის აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც მეტი კატაა, T. gondii-ისთან კონტაქტის დონე უფრო დაბალი იყო. ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანები ამ პარაზიტით, კატებთან კონტაქტის გარდა, სხვა გზებითაც შეიძლება დაინფიცირდნენ.

ფოტო: Chewy

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მდიდარ ქვეყნებში ადამიანებს უფრო მეტად აქვთ კატების ყოლისა და მათი უკეთესად მოვლის შესაძლებლობა.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბედნიერებაზე გავლენის მოხდენა ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ ფაქტორებსაც შეუძლია. ეს ფაქტორები კი, როგორც წესი, მსგავს კვლევებში არ არის გათვალისწინებული. იმას, თუ რამდენად ბედნიერია (ან პირიქით) მოსახლეობა, დიდი გავლენა აქვს საზოგადოების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზეც.