"საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ. ეს ყალბი დილემაა", — ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტში (SANGU) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩი უნივერსიტეტს მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ეწვია.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან.

"ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს — თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება მაქვს, რადგან დედაჩემი და მამაჩემიმასწავლებლები იყვნენ. სანგუ აჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები.

ვფიქრობ, ეს თავად სანგუს მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც სანგუ-სთვის, ისევე მთლიანად საქართველოსთვის, შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან", — განაცხადა ელჩმა.