გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, პოლიციამ გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი, აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე დააკავა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ჰანინგი სააგენტოს უფროსის თანამდებობას 1998 წლის დეკემბრიდან 2005 წლის ნოემბრამდე იკავებდა, რის შემდეგაც ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა და 2009 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მდივნად მუშაობდა.

პროკურატურის განცხადებით, 80 წლის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ღალატის მცდელობა და საიდუმლო სამსახურის აგენტად მუშაობა. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელ უცხოურ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობაშია ის ეჭვმიტანილი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ BND-ს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს იმის გამო, რომ ჰანინგს სააგენტოში მისი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ასობით კლასიფიცირებული დოკუმენტი გადასცა.

პოლიციამ ჰანინგი სამშაბათს დილით საკუთარ სახლში დააკავა. ჰანინგის სავარაუდო თანამზრახველი, რომელიც გერმანიის კონფიდენციალურობის კანონმდებლობის შესაბამისად მხოლოდ მანფრედ დ.-ს სახელითაა იდენტიფიცირებული, ბავარიაში აიყვანეს.

ჰანინგის სპეცსამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, მანფრედ დ. მისი აპარატის უფროსი იყო. ის ასევე აგრძელებდა ჰანინგთან ერთად მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში 2009 წლამდე. მას ბრალად ედება "სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობისა და ღალატის მცდელობაში ხელშეწყობა".

ორივე ეჭვმიტანილი სამშაბათსა და ოთხშაბათს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარდგება.