პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის მოლდოვასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

პაპუაშვილის განცხადებით, მოლდოვის პროგრესი მხოლოდ ბრიუსელის მხარდაჭერით შემოიფარგლება. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველოს მოლდოვასთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა იმიტომ აქვს, რომ "ბრიუსელს არ უჯერებს".

"ევროინტეგრაციის პროცესში ერთადერთი, რაშიც მართლაც შეიძლება შთამბეჭდავი იყოს მოლდოვის პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექება. სულ უფრო მეტ და მეტ შექებას იმსახურებს. თუმცა ჩვენი გამოცდილება გვეუბნება: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებითა და თავსმოხვეული დირექტივებით.

მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპი საქართველოზე მაღალი იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2021 წელს 14% იყო მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაშინ როდესაც ჩვენ 10%-ის ფარგლებში ვიყავით. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მოლდოვაში ეკონომიკური ვარდნა მოხდა. სხვაობა რაშია? მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელს.

მოლდოვაში მოსახლეობის 31%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა — თითქმის მესამედი. ჩვენ კი ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7%-მდე ჩამოვიყვანეთ.

სხვაობა რაშია? მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელის ბიუროკრატიას. დასკვნა ასეთია: ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება; ხოლო ის, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებული რჩება ეკონომიკური თვალსაზრისით.

ერთადერთი, რაშიც მართლაც გვჯობნის მოლდოვა, ბრიუსელის ლამაზი სიტყვებია მის მიმართ. თუმცა ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი ამ სიტყვების მიღმა მხოლოდ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავსმოხვეული პოლიტიკით," — განაცხადა პაპუაშვილმა.