"თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა", — ასე გამოეხმაურა IPN-თან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისივე თქმით, რუსეთში შავი ჭრის შესაძლო შემთხვევა "ჩვენთვის არავითარი რისკი არაა".

"თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა", — აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს იმასაც, რომ "სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა".

რუსულ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.

რუსეთში შესაძლო შავი ჭირის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა. აშშ-ს სახდეპმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან და ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.