პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ "ვამოროლონის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა.

ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის.

"სახელმწიფო პროგრამაში "ვამოროლონის" დამატებით დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. რაც შეეხება "ჯივინოსტატს", ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები სამკურნალო პრეპარატის შემოტანის მოთხოვნით გაზაფხულზე საპროტესტო აქციებს მართავდნენ. 4 ივნისს მშობლების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი შეჯერდნენ კონკრეტულ მედიკამენტებზე და სამუშაო ჯგუფი ამ მედიკამენტების უზრუნველყოფის კუთხით მუშაობას იწყებდა. გასული თვის დასაწყისში კი ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.