თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. Yellow Box-ები უნდა მოეწყოს.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდი ავტომობილების ნაკადია და შუქნიშნის რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა.

"შესაბამისად, მინდა ვთხოვო ჩვენს ურბანული ტრანსპორტის სამსახურს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ მძღოლებს გადაადგილება და ეს პრობლემა. ყოველდღიურად ალბათ ყველა ადამიანს ჰქონია შემთხვევები, როდესაც ხდება ასეთი ჩაკეტვები და ამას შემდეგ ჯაჭვური რეაქციები მოჰყვება და ყველგან პრობლემა ხდება. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირებით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად განვტვირთოთ გადაადგილების შესაძლებლობა იმ კონკრეტული მიმართულებით მაინც, სადაც პრობლემა არ არის და გადაადგილება არ არის შეფერხებული. ასე რომ, დავიწყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული", — განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის თქმით, თუ 2012 წლამდე, დაახლოებით 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, დღეს უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები, მაგალითად, როდესაც ანთებულია მწვანე, მაგრამ ხედავ, რომ გადაადგილება წინ შეუძლებელია, მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას და სხვა მიმართულებით, მარცხნიდან ან მარჯვნიდან, როდესაც საცობი არ არის, იმ ავტომობილის მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას, მოწესრიგებას. საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც არსებობს ჩანაწერი, რომ შუქნიშანზე მწვანე შუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის სავარაუდოდ გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, იმიტომ რომ ის თუ მაინც წავა 1 სანტიმეტრით წინ, პირობითად, და გზაჯვარედინზე დადგება, სხვა მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს და მძღოლებს შეექმნით პრობლემა. ცხადია, ბევრჯერ გქონიათ ყველას ალბათ ეს შემთხვევა, ვინც საჭესთან ვზივართ და ავტომობილით ვმოძრაობთ", — განაცხადა მან.

ცნობისთვის, ე.წ. Yellow box გზაჯვარედინზე დახაზული ყვითელი გადამკვეთი ხაზების ერთობლიობაა, რომელიც მძღოლებს მიუთითებს, რომ ამ ზონაში გაჩერება აკრძალულია.
მისი მთავარი მიზანია თავიდან აიცილოს გზაჯვარედინის ჩაკეტვა და საცობების წარმოქმნა.