სტამბოლის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის გოგონამ 8 მოსწავლე დაჭრა. შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. თავდასხმა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე საშუალო სკოლაში დილის საათებში მოხდა. დაშავდა რვა გოგონა.

"ერთ-ერთი მოსწავლე, მედიკოსების მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა. დანარჩენი შვიდი დაჭრილი მკურნალობას აგრძელებს," — წერს თურქეთის შსს X-ზე.

პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. ოფიციალური პირების ცნობით, ის სხვა სკოლის 15 წლის, მეათეკლასელი მოსწავლეა. ჟურნალისტებთან საუბრისას სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს სკოლის ფორმა ეცვა და მან ბავშვები განურჩევლად დაჭრა.

"მოსწავლე, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, იმავე უბანში ცხოვრობს და სხვა სკოლაში სწავლობს. ის ტერიტორიაზე სკოლის ფორმით შევიდა და ბავშვებს შემთხვევითობის პრინციპით დაესხა თავს," — განაცხადა მან.

თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.