დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

კერძოდ, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობით, 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე, ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ. სესიის მთავარი თემა იქნება — "მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ".

ამავე საკითხზე მსჯელობის შემდგომ, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტს კენჭს ხვალ, 8 ოქტომბერს უყრიან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).

სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).

მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".

ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო.

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიმართა.