ცხოველების უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი საქმის გამომძიებელსა და პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართავს.

ელიზბარაშვილი წერილში აღიარებს, რომ ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს დაემუქრა და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება "სადავო არც არის".

"თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან "სხვაში" მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაწყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…

დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაწყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.

მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება," — წერს თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან.

შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.

4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.