პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით არის შემცირებული.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კობახიძემ თქვა, ეს საკმარისი არ არის და ბევრად მეტია შესამცირებელი, რასაც გამრიცხველიანების პროცესის დასრულება შეუწყობს ხელს.

"დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.