WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ის წერს, რომ ორგანიზაცია ირკუტსკში ლაბორატორიის თანამშრომლის მძიმე პნევმონიით გარდაცვალების საკითხს აკვირდება. გებრეიესუსის თქმით, თავდაპირველი ცნობები ფილტვის ჭირის შესაძლო შემთხვევაზე მიუთითებდა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა WHO-ს აცნობეს, რომ ირკუტსკის ოლქში ბოლო პერიოდში ჭირის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და კონტაქტებში მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები არ გამოვლენილა. WHO რუსეთის მხარეს დამატებით ინფორმაციას სთხოვს პნევმონიის მიზეზისა და სხვა თანამშრომლის ავადმყოფობის შესახებ, რათა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები გაირკვეს და შესაძლო რისკები ზუსტად შეფასდეს.

"ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: პირველი მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აქტიურად ადევნებს თვალს რუსეთის ფედერაციაში, ირკუტსკის ოლქში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ადამიანი 2026 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მძიმე პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველი მედიის ცნობებით, მიზეზი შესაძლოა ფილტვის ჭირი ყოფილიყო, რომელიც, სავარაუდოდ, ლაბორატორიაში შემთხვევითი ექსპოზიციის შედეგად განვითარდა.

საერთაშორისო ჯანმრთელობის წესების ფარგლებში WHO-ს მიერ ინფორმაციის გადამოწმების მოთხოვნის პასუხად, რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა ორგანიზაციას აცნობეს, რომ ირკუტსკის ოლქში ბოლო პერიოდში ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათი ინფორმაციით, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, გატარდა პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები, ხოლო გამოვლენილი კონტაქტები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოაქციეს და მათ ტესტირება ჩაუტარდათ. რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა ასევე აცნობეს WHO-ს, რომ კონტაქტებში მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები არ გამოვლენილა და ყველა იდენტიფიცირებული პირის სამედიცინო დაკვირვება დასრულდა.

WHO რუსეთის ჯანდაცვის უწყებებთან კონტაქტზე რჩება და მათ ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზა. ორგანიზაციამ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რათა დაზუსტდეს მძიმე პნევმონიის მიზეზი, ის პათოგენი, რომლის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები გატარდა, და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელსაც დაუდგენელი მიზეზით პნევმონია განუვითარდა.

საერთაშორისო ჯანმრთელობის წესების ფარგლებში დროული, სრული და გამჭვირვალე ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების გასარკვევად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკების ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად", — წერს გებრეიესუსი.


რუსულ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.

რუსეთში შესაძლო შავი ჭირის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა. აშშ-ს სახდეპმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან და ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

მეტი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე: