პატიმრობაში მყოფი პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს, რომელიც #67 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სოლიდარობას უცხადებს და ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება.

"საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები", — წერს ელისაშვილი.

ის მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში იმყოფებიან, ასევე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელ პირებს თანამდებობები დაატოვებინონ.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.

პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.

არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.

ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით", — წერს ელისაშვილი.

2 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახში, დაახლოებით 10 ბადრაგმა მასზე სექსუალურად იძალადა. მისი თქმით, ძალადობის შემდეგ თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და იმავე დღეს გამოაქვეყნა უხმო ვიდეო, რომელიც, უწყების განმარტებით, აღნიშნულ ეპიზოდს ასახავს და სადაც თანამშრომლების მიერ დავითაძის სავალდებულო შემოწმებაა ნაჩვენები. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მის მიერ ვიდეოს შესწავლისას დავითაძის მიერ აღწერილი მძიმე ძალადობა არ დასტურდებოდა, თუმცა გამოძიებას ყველა მტკიცებულების შესწავლა მოუწოდა.

მეტი გიორგი დავითაძის საქმეზე: