ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ის #6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრგადმა გააუპატიურა.

მაჭავარიანი ამბობს, რომ გიორგი დავითაძის მიერ ციხეში ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "აბსურდული და ორკესტრირებული კამპანიის" ნაწილია. მისი შეფასებით, დავითაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა თავი "მოიჭრეს" იმით, რომ ძალადობის შესახებ ბრალდებები გააჟღერეს.

"ასეთი საკითხები ციხეში არასდროს იმალება. წამება იქნება თუ მსგავსი თემები, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და გამორიცხულია, რამე მსგავსი დაიმალოს. 14 წლის განმავლობაში თურმე ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც კადრები გავრცელდა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, როგორ დაითანხმეს ეს ოჯახი ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ის პატიმრებიც კი, რომლებიც ყველაზე რეზონანსულები იყვნენ — ნიკა გვარამია გამოვიდა და მადლობებს იხდიდა, თურმე რა კარგი პირობებიაო, ბაჩო ახალაია პირველად რომ გამოვიდა, ჩასუქებული და ჩაპუტკუნებული იყო, ისე კარგად იკვებებოდა, ლაზარე გრიგორიადისი გამოვიდა და უკმაყოფილება გამოთქვა — მუსიკა არ მომწონდაო, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა და თქვა, ყველაფერი კარგი იყო, მხოლოდ სექსი არ მქონდაო. ანუ, ყველაზე მიკერძოებულმა ადამიანებმა, რომელთა ინტერესშიც პენიტენციური სამსახურის გაშავება შედიოდა, ასეთი "ნაკლოვანებები" აღმოაჩინეს. შესაბამისად, ასეთი ბინძური კამპანიის მცდელობებიდან არაფერი გამოვა. თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითით არის გაუპატიურებული, და მისი ოჯახის წევრებმაც. სხვათა შორის, ამ ოჯახს საფუძვლიანი "ნაცური" წარსული ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორკესტრირებული და ორგანიზებული უბინძურესი კამპანია", — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.