სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გიგანტური ოქროს ქანდაკება გამოფინეს. დაახლოებით 2.6 მეტრის სიმაღლის სკულპტურა, სახელწოდებით "ნარინჯისფერი ჭირი" (Orange Plague), ორი შენობის დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ადგილას დაიდგა და იქ 8 ოქტომბრამდე დარჩება. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ნამუშევარი, რომელიც 23-კარატიანი ოქროს ფურცლებითაა დაფარული, შიშველ აშშ-ის პრეზიდენტს გამოსახავს: ტრამპს ხელში მართლმსაჯულების სასწორი და გოლფის გრძელი ჯოხი უჭირავს, რომლის ბურთიც დედამიწის ფორმისაა. ტრამპი ქანდაკებაზე პატარა, შემოსილი მამაკაცის მხრებზე ზის.

ქანდაკების კვარცხლბეკზე შემდეგი წარწერაა: "მე ადამიანის ზურგზე ვზივარ. ის ჩემი სიმძიმის ქვეშ იძირება. ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად — გარდა იმისა, რომ მისი ზურგიდან ჩამოვედი".

ქანდაკების ავტორი, დანიელი ხელოვანი იენს გალშიოტი (Jens Galschiot) აცხადებს, რომ ტრამპი "წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის, დემოკრატიული ფასეულობებისა და კლიმატური კრიზისის გადასაჭრელად მიმართული ჩვენი საერთო ძალისხმევის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს". მისი თქმით, ნამუშევარი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრით — "იმპერატორის ახალი სამოსი" იყო შთაგონებული.

ქანდაკება ევროპარლამენტში მემარცხენე დანიელი ევროპარლამენტარის, პერ კლაუსენის ინიციატივით გამოიფინა. კლაუსენის თქმით, იგი ტრამპის შესაძლო რეაქციაზე არ ნერვიულობს.

"თუკი ვინმე ისეთი მგრძნობიარეა, რომ ამ ქანდაკების ევროპარლამენტში გამოფენას ვერ იტანს, მაშინ მსოფლიო არენაზე მისი ადგილი არ არის", — განაცხადა მან.

აღნიშნული სკულპტურა ადრე ბრაზილიაში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციაზე (COP30), ასევე გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს პროტესტის სიმბოლოდ მინიატურული ქანდაკებები გადაეცათ, ხოლო ავტორმა ინტერნეტში ფაილები ატვირთა, რათა დაინტერესებულ პირებს მათი 3D პრინტერით დაბეჭდვა სახლის პირობებში შეძლებოდათ.

თეთრ სახლს ევროპარლამენტში ქანდაკების გამოფენასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.