რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) წამოაყენა ინიციატივა, გაუქმდეს დსთ-ისა და საქართველოს მოქალაქე მძღოლებისთვის რუსეთში დროებით ყოფნის შეღავათიანი 180-დღიანი ვადა, თუ ეს ქვეყნები ევროკავშირში (EU) გაწევრიანდებიან. ამის შესახებ ნათქვამია ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

"დამტკიცდეს თანდართული ცვლილებები, რომლებიც შედის რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2026 წლის 27 აპრილის №467 დადგენილებაში "უცხოელ მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადის გაზრდის შესახებ", — ნათქვამია დოკუმენტში.

რუსული მედიის ცნობით, ცვლილებები შესაძლოა შეეხოს მძღოლებს, რომლებსაც ტვირთი და საქონელი გადააქვთ და რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შედიან. დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, მათ რუსეთში ყოფნა მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ზომები რუსეთის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რადგან დსთ-ის ქვეყნების და საქართველოს მსგავსი ქმედებები რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ინტერესებს ეწინააღმდეგება.


ამ კანონპროექტზე საუბრის შემდეგ, რუსული პროსამთავრობო გამოცემა "ვედომოსტი" 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციტირებს, როცა მან განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუ ბრიუსელი საგარეო პოლიტიკის ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს.

"მისი თქმით, ბრიუსელმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამასთან, საქართველოს კვლავ აქვს 2023 წელს მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", — ციტირებს პაპუაშვილს გამოცემა.

რუსულ მედიას არც სომხეთის ფაქტორი რცება ყურადღების გარეშე. სტატიაში ნათქვამია, რომ 3 სექტემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას არ აპირებს. ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერევანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. 24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის უნდა გააკეთოს და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.