8 და 11 წლის ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების (TikTok-ისა და WhatsApp-ის) მეშვეობით, ყალბი ანგარიშებით, 8 და 11 წლის ბავშვების ნდობა მოიპოვა და მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია დაამყარა.

გამოძიების ცნობით, ის ბავშვების მცირეწლოვანებით მანიპულირებდა და რეპუტაციის შელახვის მუქარით აიძულებდა, ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გადაეღოთ და გაეგზავნათ მისთვის. ამასთანავე, ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა მსგავს ვიდეოებს, ხოლო მოგვიანებით არასრულწლოვანისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური ფოტოები მის დედასაც გადაუგზავნა.

ვინაიდან ბრალდებულს სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა და ძებნილია, ბრალი მას დაუსწრებლად წარედგინა. საქმე ეხება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას — ბრალდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის — TikTok-ის ყალბი ანგარიშების და whatsapp-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა. დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას და ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაუგზავნა მის დედას.

მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, გამოყენება და გავრცელება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.

აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", — წერია უწყების განცხადებაში.