მარატ კამბოლოვის ე.წ. ინაუგურაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რანგში უკვე შედგა. 18 სექტემბერს გამართულ ე.წ. არჩევნებში მან ხმათა 84.95% მიიღო, ამომრჩეველთა აქტივობამ კი 82.65% შეადგინა.

ე.წ. ინაუგურაცია ოკუპირებული ცხინვალის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კამბოლოვმა ფიცი ოსურ და რუსულ ენებზე დადო, რის შემდეგაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ მას ე.წ. პრეზიდენტის მოწმობა გადასცა. ცერემონიას ესწრებოდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყველა ყოფილი ე.წ პრეზიდენტი, ასევე დელეგაციები რუსეთიდან, აფხაზეთიდან, ვენესუელიდან და ნიკარაგუიდან.

მან საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. კონსტიტუციაზე დადო ფიცი და პირობა დადო, რომ დაიცავდა მოქალაქეთა უფლებებს, აგრეთვე ე.წ. "სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას".

61 წლის მარატ კამბოლოვი პირველი ე.წ პრეზიდენტია საოკუპაციო რეჟიმის ისტორიაში, რომელსაც ცხინვალის რეგიონში არც დაბადებულა და არც იქ უცხოვრია.

მარატ კამბოლოვმა კარიერა რუსეთის მთავრობაში დაიწყო, სადაც ის მრჩევლისა და მინისტრის მოადგილის პოსტებს იკავებდა. 2014 წელს ის კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2021 წელს კი ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა. 2026 წლის მაისში კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, ხოლო ივნისში — ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერმინისტრი გახდა.


ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილეობას ოთხი რეგისტრირებული კანდიდატი იღებდა:

მარატ კამბოლოვი, დაბადებული 1965 წელს — წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. რეგისტრაციის გადაწყვეტილება 2026 წლის 16 აგვისტოს მიიღეს.

ზურაბ კოკოევი, დაბადებული 1960 წელს — წარდგენილია პოლიტიკური პარტია ერთობის მიერ. რეგისტრაციის გადაწყვეტილება 2026 წლის 20 აგვისტოს მიიღეს.

მურატ ვალიევი, დაბადებული 1989 წელს — წარდგენილია ალანიის პატრიოტთა რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიის მიერ. რეგისტრაციის გადაწყვეტილება 2026 წლის 22 აგვისტოს მიიღეს.

ყაზბეკ კოდოევი, დაბადებული 1974 წელს — წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. რეგისტრაციის გადაწყვეტილება 2026 წლის 22 აგვისტოს მიიღეს.
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

ხოხ ჩოჩიევი, დაბადებული 1990 წელს, რომელიც პოლიტიკურმა პარტია ირ ფარნმა წარადგინა.