"ქართული ოცნების" დეპუტატ ლევან მაჭავარიანს, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, უძრავი ქონება არ აქვს. როგორც მიმდინარე წლის 30 ივნისს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მაჭავარიანი ფლობს მხოლოდ მოძრავ ქონებას, კერძოდ ორ ძვირადღირებულ საათს. მათ შორის 2020 წელს 8000 აშშ დოლარად ნაყიდ Rolex-ს და 2022 წელს 15 000 აშშ დოლარად ნაყიდ Hublot-ს.

"ოცნების" დეპუტატს დეკლარაციის შევსებისას მიმდინარე ანგარიშზე 52 667,04 ლარი და 454,37 დოლარი ჰქონდა. ასევე, დანაზოგი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც 2025 წელს უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებულ შემოსავლად უთითებს.

ლევან მაჭავარიანს 2025 წლის განმავლობაში პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე 115 014,94 ლარის ხელფასი აქვს აღებული.

რაც შეეხება გასავალს, გასულ წელს მაჭავარიანს 31 500 ლარი მოგზაურობისთვის, 65 497 ლარი კი საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის აქვს დახარჯული.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი შპს "სეტანტა ჯორჯიას" და შპს "სპორტი 1"-ის 100%-იანი მეწილეა. თუმცა წილის მმართველად სხვა ჰყავს გაფორმებული.

მაჭავარიანს დეკლარაციაში მითითებული აქვს ბინის და ორი ავტოპარკინგის გაყიდვაც, რაშიც 300 000 აშშ დოლარის შემოსავალი უფიქსირდება. მას ასევე 2025 წელს უფიქსირდება რამდენიმე სესხის გადახდაც.

ლევან მაჭავარიანის სესხები

ლევან მაჭავარიანის სესხები

ცნობისთვის, ლევან მაჭავარიანი X და XI მოწვევის პარლამენტის წევრია. მანამდე ის იყო "მედია ჰაბ სეილს ჰაუსის" ფინანსური მრჩეველი 2022-2024 წლებში, 2017-2021 წლებში კი — "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, 2015 წელს ასევე ის ჰიპერმარკეტ "გუდვილის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.