ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს საკუთარ ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის, თუკი ისინი მტრულ სახელმწიფოებსა და კონკურენტებთან დაკავშირებით ბლოკის პოზიციას გაიზიარებენ. ეს ინფორმაცია გამოცემა POLITICO-ს ხელთ არსებული ევროკომისიის პროექტის დოკუმენტიდან ირკვევა. სტატიაში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად საქართველო ნახსენები არ არის.

როგორც საპროექტო გეგმაშია აღნიშნული, კანდიდატ ქვეყნებს — რომელთაგან ზოგიერთი ევროკავშირის წევრობას ათწლეულებია ელის — ერთიან ბაზარზე უპრეცედენტო, "ეტაპობრივ ინტეგრაციას" შესთავაზებენ, რაც თავისუფალ ვაჭრობასა და კვლევით პროგრამებზე წვდომას მოიცავს.

"ერთიანი ბაზარი ეკონომიკური კონვერგენციის პირველი პრიორიტეტია", — ნათქვამია კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული "გაფართოებამდელი" სარგებლის მიმოხილვაში.

POLITICO წერს, რომ ეს მიმოხილვა, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენის მთავარი მრჩეველი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი თანაშემწე ალექსანდრ ადამი ხელმძღვანელობს, ფუნდამენტურად შეცვლის ევროკავშირის მიდგომას სამეზობლოში არსებული ქვეყნების მიმართ. ამჟამად მჭიდრო თანამშრომლობის თითქმის ყველა ეკონომიკური სიკეთე მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვისაა განკუთვნილი, თანაც 2013 წელს ხორვატიის გაწევრიანების შემდეგ ახალი სახელმწიფო ბლოკს არ შეერთებია.

POLITICO აღნიშნავს, რომ ადამის მიერ შემუშავებული პაკეტის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს შესთავაზებენ "სამოქმედო გეგმებს" (road maps), რომლებიც უახლოესი წლების განმავლობაში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად. სხვების — ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სერბეთისა და თურქეთის — შემთხვევაში კი ეს პროცესი გაიწელა. გამოცემის ცნოიბთ, მატულობს შიში, რომ ისინი ინტერესს დაკარგავენ ან რუსეთსა და ჩინეთს დაუახლოვდებიან.

კომისიის გეგმის თანახმად, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერაზე, ხოლო ერთიან ბაზართან წვდომა იმაზე იქნება მიბმული, რომ მათ მთავარი ტექნოლოგიები მტრულ სახელმწიფოებთან და სავაჭრო მეტოქეებთან არ გააზიარონ.

"სამრეწველო და საბაზრო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, სენსიტურ სექტორებში მონაწილეობას უნდა ახლდეს თანამშრომლობა ინვესტიციების სკრინინგის, საექსპორტო კონტროლის, სანქციების აღსრულებისა და სენსიტიური ტექნოლოგიების დაცვის მიმართულებით" — ნათქვამია სარევიზიო დოკუმენტში.