თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე ნაქირავებ ბინაში, რომელშიც საფრანგეთის მოქალაქე ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩატარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამართალდამცავები ადგილზე ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ.

როგორც News.On.ge-ის შსს-ში უთხრეს, ადგილზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას", — გვითხრეს შსს-ში.

"ტვ პირველის" ცნობით, 30 წლამდე კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.