განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2027 წელს 225,8 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა.

როგორც დაგეგმილი ბიუჯეტის პროექტში წერია, სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს განისაზღვრა ჯამში 2,9 მლრდ ლარით. თუმცა, ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს 3,5 მლრდ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა ზოგად და სკოლამდელი განათლების სექტორისკენ მიიმართება. უმაღლეს განათლების კუთხით კი 100 მლნ ლარი "უფასო სწავლების" დასაფინანსებლად იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილია:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება — 2 082,9 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა;
  • პროფესიული განათლება — 248,0 მლნ ლარი;
  • უმაღლესი განათლება — 247,7 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში 100,0 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა — 95,6 მლნ ლარი;
  • ინკლუზიური განათლება — 127,4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდა;
  • ახალგაზრდობის მხარდაჭერა — 22,5 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. განხილვები მომავალ კვირას იგეგმება.