აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები "მტკივნეულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული". ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"აბა ვინმემ ამიხსნას რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენები "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!!

"ინფორმაციის თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკივნეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და იმ პოტენციურ გზებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის აღდგენისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს", — წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 30 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.

შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები "მტკივნეულ რეგიონებადაა" მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მხარეებმა შეხვედრაზე სწორედ "მტკივნეულ რეგიონებში" არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.