დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. აღნიშნულ თემაზე მომზადებული რეზოლუციის ექვსი პროექტი უკვე ინიცირებულია, ხოლო შეთანხმებულ დოკუმენტზე კენჭისყრა 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

განსახილველი დოკუმენტების ავტორები ევროპარლამენტის შემდეგი პოლიტიკური ჯგუფები არიან: ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატები (S&D), განახლებული ევროპა (Renew), მწვანეები, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) და ევროპის სუვერენული ერები (ESN).

რას ითხოვენ პოლიტიკური ჯგუფები?

როგორც წარდგენილი პროექტებიდან ირკვევა, EPP-ის, S&D-ის, Renew-ის, Greens/EFA-სა და ECR-ის პოზიციები ძირითად თემებზე ერთმანეთს ემთხვევა. ხუთივე პოლიტიკური ჯგუფი კატეგორიულად გმობს საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის ფართო სურათის ნაწილად აფასებს. გარდა ამისა, ეს ჯგუფები, სხვადასხვა ფორულირებით, ევროკავშირს მოუწოდებენ, სანქციები დაუწესოს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვა იმ პირებს, რომლებიც ამ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები.

EPP მკაცრად მოითხოვს ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას და ხაზს უსვამს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. EPP მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს პირადად ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

Renew ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და მიიჩნევს, რომ სარჩელში ცვლილებები და ახალი პარტიების დამატება ოპოზიციას მუდმივი დაშლის საფრთხის ქვეშ ტოვებს. ჯგუფი ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას, ასევე წევრი ქვეყნებისგან ხელისუფლების წარმომადგენლების, მათი მხარდამჭერებისა და მოსამართლეებისთვის მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

მწვანეთა ჯგუფი მხარს უჭერს ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ჯგუფი მიუთითებს, რომ იმ ფონზე, როდესაც EU-ს დონეზე ერთიანი გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები უკვე ამოქმედეს.

ECR მთავარ აქცენტს პოლიტიკურ პატიმრებზე აკეთებს. ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებისკენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ დაკავებულები და მოიხსას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ე.წ. "საბოტაჟის" საქმეებზე.

S&D ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აკრძალვის სარჩელში საბოლოოდ პარტიაც გახარია საქართველოსთვის მოხვდა, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი დარჩენილი ოპოზიციური ძალაა. ჯგუფი შეშფოთებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნით და ასევე ითხოვს სანქციებსა და სავიზო აკრძალვებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის.

ESN-ის პოზიცია განსხვავდება დანარჩენი ხუთი ჯგუფისგან. ტექსტში არ არის მოთხოვნილი სარჩელის გაწვევა, ქართველი ჩინოვნიკების სანქცირება ან პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ESN მიუთითებს, რომ პარტიის აკრძალვა უკიდურესი ზომაა, რომელიც კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს და ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს უნდა შეეძლოს.


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).

სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).

მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".

ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო.

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიმართა.