ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროკომისარ მარტა კოსს განუცხადა, რომ საქართველოში დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ძალიან მცირე ეფექტი ჰქონდა.

ბრეიზამ შემდეგ კოსს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ევროკომისია უვიზო რეჟიმის უფრო ფართო შეჩერებას. კოსის განმარტებით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება.

"ჩვენ გვექნება კონკრეტული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით FAC-ში (ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში) მომავალ კვირას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ," — განაცხადა მარტა კოსმა [IPN].

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 ნოემბერს ევროპარლამენტმა 61 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის გამარტივების გადაყვეტილება დაამტკიცა. ახალი მექანიზმი შეეხო 61 ქვეყანას, რომელიც შენგენის ზონაში მოკლე ვადით უვიზოდ მოგზაურობენ. ესენია — დასავლეთ ბალკანეთის ყველა კანდიდატი ქვეყანა, ასევე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

წინა წლის 19 დეკემბერს, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.

უვიზო რეჟიმის თავდაპირველი შეჩერება 9 თვით ხდება და გახანგრძლივება — 18 თვით. ახალი მექანიზმით დროებითი შეჩერება 12 თვემდე გაიზარდა, ხოლო გახანგრძლივება — 24 თვემდე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. გაფართოების გეგმაში საქართველო არ ფიგურირებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი გამოყო, ესენია — მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა.